loader

საგანგაშო სტატისტიკა: საწარმოო ტრავმებით დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგაშო სტატისტიკა: საწარმოო ტრავმებით დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

საქართველოში შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია კვლავ მძიმეა. სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა. გასულ კვირას თბილისში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილთა და მძიმედ დაშავებულთა სტატისტიკა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროფკავშირების ერთობლივი მონაცემები საგანგაშო სურათს ასახავს.

როგორც გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, საქართველოში დასაქმებულთა უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც ქვეყანაში შრომის სახელმწიფო ინსპექცია გაუქმდა.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შრომით ინსპექციას უფლება-მოვალეობები 2017 წლიდან გაეზრდება. უწყებაში ამ ეტაპზე შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. მომავალი წლიდან შრომით ინსპექტორებს ობიექტზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე მისვლისა და სანქციების დაწესების შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში მხოლოდ მშენებარე ობიექტებზე წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ადამიანი იღუპება. ქვეყანაში მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2014 წლიდან ამოქმედდა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, შესაბამისი ინსპექტირების ორგანოს არარსებობის გამო ტექნიკურ რეგლამენტში განსაზღვრული წესები დამსაქმებელთა მხრიდან დღემდე უხეშად ირღვევა.